ფედერერს რეიტინგში პირველობისთვის ნახევარფინალში გასვლა დასჭირდება
ფედერერს რეიტინგში პირველობისთვის ნახევარფინალში გასვლა დასჭირდება

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, საჩოგბურთო სამყაროში მთავარი მოვლენა სეზონის პირველი „მასტერსი“ იქნება, რომელსაც ინდიან უელსი უმასპინძლებს.

ძირითადი ყურადღება როჯერ ფედერერისკენ იქნება მიმართული, რადგან ის იცავს როგორც შარშან მოპოვებულ ტიტულს, აგრეთვე, კლასიფიკაციაში ლიდერის პოზიციას.

იმისთვის, რომ ATP-ის კლასიფიკაციაში პირველი ადგილი შეინარჩუნოს, ფედერერს ინდიან უელსში დასჭირდება ნახევარფინალამდე მისვლა. თუ ამას შვეიცარიელი ვერ შეძლებს, მაშინ პირველი ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი გახდება, რომელიც ტრავმის გამო ტურნირს ტოვებს.

თუ სატურნირო ბადეს გადავხედავთ, ფედერერის გზა ტიტულამდე დაახლოებით ასეთი უნდა იყოს: რაიან ჰარისონი, ფილიპ კოლშრაიბერი, ფაბიო ფონინი, დომინიკ ტიმი, გრიგორ დიმიტროვი, ალექსანდრ ზვერევი (ან დელ პოტრო, ან ჩილიჩი).

შეგახსენებთ, ფედერერს და ტურნირის მე-10 ნომერს ნოვაკ ჯოკოკიჩს, რომელიც იდაყვზე ოპერაციის შემდეგ უბრუნდება კორტს, შეუძლიათ მეექვსედ მოიგონ ინდიან უელსის „მასტერსი“, რაც აბსოლუტური რეკორდი იქნება. როჯერი და ნოვაკი ფინალამდე ერთმანეთს არ ხვდებიან.