შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა კარიერაში მეათედ მოიგო გერმანიის ჰალეს ტურნირი, რომელიც უიმბლდონის წინ ტარდება. ლეგენდამ 7:6 (2), 6:1 დაამარცხა ბელგიელი დავიდ გოფენი. ეს არის ფედერერის კარიერაში პირველი ტურნირი, რომელშიც მას 10 ტიტული აქვს მოგებული.
სულ როჯერს 102 ტურნირი მოუგია პროფესიულ ტურში – ეს შვიდით ნაკლებია აბსოლუტური რეკორდსმენის ჯიმი კონორსის მაჩვენებელზე (109).
ფედერერს იოლად არ მოუგია ჰალეს წლევანდელი ტურნირი. პირველი სამი მატჩიდან მას ორში დასჭირდა სამი სეტის თამაში, გოფენთან ფინალის პირველ სეტში კი გაუჭირდა, რადგან ბელგიელს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ფედერერს – არც ერთი. შვეიცარიელის უპირატესობა პირველი პარტიის ტაი-ბრეიკიდან გამოიკვეთა, რომელიც როჯერმა დამაჯერებლად მოიგო. მეორე სეტში ფედერერმა ექვსი ბრეიკ-პოინტი დააგროვა და სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.