ფედერალურმა პროკურატურამ ნიუ იორკის მოქმედი მერისადმი წაყენებული ბრალდებები ოფიციალურად გამოაქვეყნა
ნიუ იორკის მოქმედ მერს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი თაღლითობაში, კორუფციასა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან საარჩევნო შემოწირულების მიღებაში. 57-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნიუ იორკის მერი, ერიკ ადამსი ათი წლის განმავლობაში ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას პირადი და თავისი საარჩევნო შტაბის წევრების გასამდიდრებლად.
ბრალდების მიხედვით, ნიუ იორკის მერი წლების განმავლობაში იღებდა უკანონო შემოწირულებებს თურქი ბიზნესმენებისგან და ასევე ოფიციალური პირისგან, რომელსაც გავლენის მოპოვება სურდა.
ფედერალური პროკურორები ამტკიცებენ, რომ ერიკ ადამსის ძვირადღირებულ მოგზაურობებს თურქეთის მოქალაქეები აფინანსებდნენ. საუბარია 100 ათასი დოლარის ღირებულების ავიაბილეთებსა და სასტუმროებზე.
ბრალდების მიხედვით, 2021 წელს ნიუ იორკის მერმა ზეწოლა მოახდინა ქალაქის სახანძრო სამსახურის თანამშრომლებზე, რათა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ნიუ იორკში თურქეთის საკონსულოს ახალი შენობა გახსნილიყო. ამას გარდა, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 2022 წელს ნიუ იორკის მერს სთხოვეს არ გაკეთებინა განცხადება სომხების გენოციდის შესახებ და ადამსმა ასეთი განცხადება არ გააკეთა.
ამასთან, პროკურატურა ნიუ იორკის მოქმედ მერს საარჩევნო კამპანიის პერიოდში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების უკანონ მითვისებაშიც სდებს ბრალს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმის გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
თავად ერიკ ადამსი ბრალდებას არ აღიარებს და თავის დაცვას სასამართლოში აპირებს.