FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივი საყინულის ტემპერატურაზე შენახვა დაამტკიცა — #1tvმეცნიერება
Pfizer-ის COVID-19-ის ვაქცინის ამპულების შენახვა ორი კვირის განმავლობაშია შესაძლებელი ჩვეულებრივ ფარმაცევტულ საყინულეებში, – ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) იუწყება.
აქამდე, ამ ვაქცინის შესანახად საჭირო იყო ულტრადაბალი ტემპერატურა, -80-დან -60 გრადუს ცელსიუსამდე.
„ტრანსპორტირებისა და შენახვის ეს ალტერნატიული ტემპერატურა შეამსუბუქებს იმ დაბრკოლებას, რაც ახლდა ვაქცინაციის ადგილების ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვისთვის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფას და უზრუნველყოფს, რომ ეს ვაქცინა უფრო მეტ ადგილას გავრცელდეს“, — ამბობს FDA-ის ბიოლოგიური შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორი პიტერ მარკსი.
FDA-ის განცხადებით, ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის ამის მიხედვით განახლდება ვაქცინაციის სახელმძღვანელოც.
ფარმაცევტული მაცივრები ძირითადად -20 გრადუს ცელსიუსზე მუშაობს.
სააგენტომ ეს გადაწყვეტილება Pfizer-ის შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ მიიღო. იქამდე კი, კომპანიამ საკუთარი ვაქცინის სტაბილურობა უფრო მაღალ ტემპერატურაზე შეისწავლა.
Pfizer-ის ვაქცინა ეფუძნება ახალ ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანის უჯრედებისთვის გენეტიკური ინსტრუქციების მისაწოდებლად სინთეტიკური mRNA-ს (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) მოლეკულებს იყენებს. ამის საპასუხოდ, ადამიანის უჯრედები კორონავირუსის ცილას წარმოქმნიან, რის საპასუხოდაც იმუნური სისტემა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს წარმოქმნის.
mRNA-ს მოლეკულები დაცვის მიზნით ჩასმულია ცხიმის ნაწილაკებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ტრადიციულ ვაქცინებზე უფრო სწრაფად დეგრადირდება და შესაბამისად, საჭიროა შენახვის მკაცრი ზომების დაცვა.
გადნობის შემდეგ, ამპულების შენახვა ხუთი დღის განმავლობაშია შესაძლებელი ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე, 2-8 გრადუს ცელსიუსზე.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.