FDA-მ Pfizer-ის მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო აბები დაამტკიცა — #1tvმეცნიერება
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა Pfizer-ის მიერ წარმოებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსულ აბებს 12 წელს ზემოთ რისკის ქვეშ მყოფთ პირთა მიერ გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა. შედეგად, ეს პრეპარატი პირველია, რომელიც კორონავირუსის სახლის პირობებში მკურნალობისათვის არის განკუთვნილი და წარმოადგენს პოტენციურად მნიშვნელოვან იარაღს სწრაფად გავრცელებადი ომიკრონ ვარიანტის წინააღმდეგ.
როგორც კლინიკური ცდების მონაცემებმა აჩვენა, Pfizer-ის ანტივირუსული პრეპარატი, სახელად პაქსლოვიდი, 90 პროცენტით ეფექტიანია მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის პრევენციის თვალსაზრისით. უახლესი ლაბორატორიული მონაცემები მიუთითებს, რომ პრეპარატი ეფექტიანობას ინარჩუნებს ომირკონ შტამის წინააღმდეგაც.
Pfizer-ის განცხადებით, კომპანია მზადაა, რომ აშშ-ში დაუყოვნებლივ დაიწყოს პრეპარატის მიწოდება, 2020 წლიდან კი წარმოება 120 მილიონ დოზამდე გაზარდოს. მკურნალობის კურსი მოიცავს ერთ ახალ პრეპარატს და მეორე შედარებით ძველ ანტივირუსულ პრეპარატს, სახელად რიტონავირს.
აშშ-ის ხელისუფლებამ კომპანიას მედიკამენტის 10 მილიონო დოზა უკვე შეუკვეთა. მკურნალობის ერთი კურსი 530 დოლარი ჯდება.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, ორალურ პრეპარატს მან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის დაავადებისთვის გასცა 12 წელს ზემოთ ასაკის იმ ადამიანთათვის, რომელთაც COVID-19-ის გამწვავების მაღალი რისკი აქვთ.
სააგენტოს ცნობით, პრეპარატის გაცემა რეცეპტით მოხდება და მისი მიღება უნდა მოხდეს დიაგნოზის დასმიდან რაც შეიძლება მალე და სიმპტომების გამოვლენიდან არაუგვიანეს ხუთ დღეში. აბების მიღება უნდა მოხდეს ყოველ 12 საათში ერთხელ, ხუთი დღის განმავლობაში.
Pfizer-ის განცხადებით, სრული ავტორიზაციის მოთხოვნით ის FDA-ს 2022 წელს მიმართავს.