„ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ
„ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ

შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.

პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ხვალ შედგება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტის შესაბამისად საქართველოში იგეგმება თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა და აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია მიიღებს (Axens, Tecnicas Reunidas, Royal dutch Shell).

მათივე ცნობით, შემდგომში ქარხნის მენეჯმენტის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს დარგის მსოფლიო გიგანტებთან, როგორიც არის Cepsa და Royal Dutch Schell. საწარმოო პროცესში ნედლი ნავთობი თითქმის სრულად (98%-ით) გადამუშავდება. წარმოებას მყარი ნარჩენები არ ექნება და საბოლოოდ, ეკოლოგიურად სუფთა, „ევრო 5“-ისა და „ევრო 6“ სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავს აწარმოებს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით, საქართველო, ნავთობპროდუქტების იმპორტიორებიდან, ექსპორტიორი ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყება 2021 წლისათვის იგეგმება და სამ წელს გაგრძელდება. მშენებლობის პროცესში 1500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო ქარხნის ექსპლუატაციაში მიღებისთანავე შეიქმნება 450 მუდმივი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. საინვესტიციო პირობის თანახმად, ქარხანაში დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. დასაქმებულთა დიდი ნაწილი გადამზადებას ევროპის სხვადასხვა ქარხნებში გაივლის. ქარხნის მშენებლობისა და ამოქმედების პირველ ეტაპზე, პროექტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი ექნება. ხუთი წლის შემდეგ, როდესაც ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად მიახლოებით 50-60 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.