ფატმა ჯერენ იაზგანი - „ნამახვანჰესი“ საქართველოსთვის და ქართველებისთვის აშენდება, ის არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ
მივესალმები ყველა გადაწყვეტილებას და ყველა განცხადებას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს პროექტი აშენდება საქარველოსთვის და ქართველებისთვის. ეს არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა პროცესი ტენდერზე, შეთანხმებაზე საჭიროა, იყოს სრულად გამჭვირვალე.
„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო მეტიც იქნება. მივესალმები ნდობის გაძლიერებისთვის მიღებულ ზომებს მთავრობის მიერ. დიალოგის გაფართოებას მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას, განსაკუთრებით ნამახვანში. ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული. რა თქმა უნდა, არის კონტრაქტი პასუხისმგებლობასთან ერთად. კომპანია „ენკას“, მთავრობას და ადამიანებს, ვინც აპროტესტებს უნდა ჰქონდეთ ცივილიზებული დიალოგი. პროცესში ეს ცოტა დაგვიანდა, მაგრამ დაიწყო და მივესალმები ამას. ამავე დროს, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ გარკვეული არასწორი ინფორმაცია და დეზინფორმაცია, მიზანმიმართული პროპაგანდა თურქეთის შესახებ, რომლებიც განკუთვნილი იყო დემონსტრანტების აგიტაციისთვის, ეტაპობრივად ქრება. მივესალმები დისკუსიას, დებატებს ამ პროექტზე, საქართველოს ენერგოსტრატეგიას მეცნიერების, პოლიტიკების და მონაწილეობითი დემოკრატიის დამსახურებით“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, ელჩი ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდებს, შეეცადონ თურქეთში შესვლას.
„თურქი ინვესტორები უკვე მეკითხებიან საქართველოში სამომავლო ინვესტიციებზე. მე მათ ვარწმუნებ და ვეუბნები, რომ დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიუხედავად, რომელიც ძირითადად საქართველოს გარედან მოდის, თურქული ბიზნესების მიმართ ძალიან მეგობრული ატმოსფეროა პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ბიზნესების მიმართ, რომლებიც აქ ორმხრივი მოგებისთვის ჩამოდიან. გულწრფელად რომ გითხრათ, მინდა შევახსენო ყველას, რომ 2008 წლის ომის დროსაც კი, თურქულ ბიზნესებს საქართველო არ დაუტოვებიათ, ვფიქრობ, ეს გაგრძელდება, მაგრამ ამას ასევე სჭირდება მუდმივი ძალისხმევა. „ფეისბუქში“ ვხედავ ახალ გვერდებს, რომლებიც საუბრობენ გიჟურ იდეებზე და სპეკულაციებზე. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არავის სურს რიონის წყლის თურქეთში წაღება. არ არის არც ერთი მაღაროს გამოყენების გეგმა. ეს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე საქართველოსია. თურქულ კომპანიებს, იქნება ეს ბალკანეთზე თუ ცენტრალურ აზიაში, კვლავ ექნებათ ინტერესები. მე ამის მტკიცე დამცველი ვარ. მე ასევე მოვუწოდებ ქართველ ინვესტორებს, შეეცადონ თურქეთში შესვლას. სწორედ ასე გავაგრძელებთ განვითარებას“, – განაცხადა ელჩმა.