ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმის გამოძიებაში შესაძლოა, უცხოელი სპეციალისტები ჩაერთონ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, კიბერდანაშაული რთულად გამოსაძიებელია და შესაძლოა, გამოძიების პროცესში პარტნიორების დახმარება გახდეს საჭირო.
„გამოძიება გრძელდება. გარკვეულ ეტაპზე თუ დაგვჭირდა, რადგან ეს არ არის მარტივი ტექნიკურად, ვფიქრობთ, რომ ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს დახმარებას, რამეთუ კიბერდანაშაული რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი, რათა უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველ წყაროს მივაკვლიოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელება იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ აქ კომპრომისები არ იქნება.
„მინდა გითხრათ, რომ ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა და არ იქნება სხვაობა გავრცელებას პირველწყაროს, თუ შენახვას შორის. როგორც კი აქ დავუშვებთ კომპრომისს და განსხვავებული მიდგომა გვექნება, ასეთ დანაშაულთან ბრძოლა იქნება რთული. გვესმის საზოგადოების კრიტიკა, რომ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა გახარიამ.