ფაროსანას შესაწამლ ტექნიკას ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს
ფაროსანას შესაწამლ ტექნიკას ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო ​ფაროსანას შესაწამლ ტექნიკას საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს. შესაბამის კონტრაქტს ხელი მოეწერა სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ს​აუბარია შესასხურებლებით აღჭურვილ ბორბლებიან ტრაქტორებსა და სატვირთო პიკაპებზე, რომლებსაც პირველად ტექნიკურ მომსახურებას ჩინეთიდან ჩამოსული სპეციალისტები გაუწევენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლამდე აღნიშნულ ტექნიკას ჩაუტარდება ინსპექტირება, ხარისხისა და სპეციფიკაციების შემოწმება ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში 2019 წელს ექნება გაცილებით უკეთესი ტექნიკური შესაძლებლობა, რადგან არსებულ ტექნიკას დაემატება 20 ბორბლებიანი ტრაქტორი შემასხურებლით და 20 სატვირთო პიკაპი.

კონტრაქტს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკურმა და სავაჭრო კონსულმა უან ლიანპომ.

აღნიშნული ტექნიკა საქართველოში გაზაფხულზე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყებამდე შემოვა.