ფარიკაობა | სანდრო ბაზაძემ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა - ეს არის სპორტი, სადაც, უკვე წლებია, განუკითხაობაა [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024-ის ოლიმპიურ თამაშებზე განცდილ მარცხს სანდრო ბაზაძეც და ფარიკაობის სპეციალისტებიც მსაჯთა არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. ამ საკითხთან დაკავშირებით სანდრომ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
„მადლობა თითოეულ ქართველს, ძლიერი ერი ვართ, ოლიმპიადის მსვლელობისასაც გვერდში მედექით და ახლაც გვერდში ხართ. მიყვარხარ, საქართველო და ქართველო ხალხო. თქვენთვის სულ ვლოცულობ.
ოლიმპიადაზე რაც მოხდა, ეს თითქოს დეჟავუ იყო. ყველგან ამას ვამბობდი, მსაჯი თუ წესიერი იქნება, ოლიმპიადას აუცილებლად მოვიგებ-მეთქი. რატომ ვამბობდი ამას და რატომ მინდა, ამაზე გავამახვილო ყურადღება.
ეს არის სპორტი, სადაც, უკვე წლებია, განუკითხაობაა და საშინელებები ხდება.
იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ ლამის შემზიზღდეს ის სპორტი, რომელშიც 17 წელია, ვარ. ნახევარ ცხოვრებაზე მეტი! როდესაც ფარიკაობაში მოღვაწეობა დავიწყე, დამიჯერეთ, ეს სპორტი საქართველოში არ არსებობდა… მერაბ ბაზაძემ შეძლო და დააბრუნა. თავისი განათლებით, მონდომებით აღზარდა უამრავი ძლიერი სპორტსმენი.
პირველივე საერთაშორისო შეჯიბრებიდან მახსოვს, როგორ შეშურდათ მსოფლიოს ასპარეზზე ახალგაზრდა ქართველების გამოჩენა. მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძე, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, გოგა კაკურიძე, ვატო არჩვაძე, ნიკა ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, დუდუ თავართქილაძე, ლუკა ობოლაძე, დათუნა თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე… აქ არიან მოფარიკავეები, რომელბმაც აჩვენეს და აჩვენებენ მაღალ შედეგებს. მე, სანდრო ბაზაძე, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე არაერთხელ მომექცნენ უსამართლოდ, გაჭირვებიდან წამოსული ნომერ პირველი სპორტსმენი გავხდი, რწმენა არ დავკარგე და არასდროს დავკარგავ!
პარიზის ოლიმპიადაზე იმის შემსწრე გავხდი, რომ აქ სამართალი არ არსებობს.
საქართველო არის სამართლიანი ქვეყანა და მე მიყვარს იგი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, მიყვარხართ თითოეული ქართველი. ოლიმპიური ჩემპიონობა ჩემი მიზანი იყო პირველივე დღიდან, მაგრამ არ მაძლევენ ამის საშუალებას.
ტყუილს არ ვლაპარაკობ, ორი შვილი მყავს და არ მინდა, მატყუარა მამა ჰყავდეთ.
მერაბ ბაზაძე გმირია – ერთი ხმალი გვქონდა და როცა გატყდა, ხიდან ჯოხი მოტეხა და ისე გვავარჯიშებდა. ფეხზე არაფერი გვეცვა… აი, ასე გავხდი მსოფლიოში პირველი ნომერი!
მადლიერი ვარ ღმერთის, რაც გამაჩნია, რომ ვარ ქართველი და მიყვარს თითოეული ქართველი, იმიტომ, რომ ნამდვილი ადამიანები ვართ. მადლობა თქვენ და არ დავანებებ თავს იმის მიუხედავად, რომ ძალიან იმედგაცრუებული და გულგატეხილი ვარ.
საქართველო არის ყველაზე მაგარი ქვეყანა. ჩვენ გაგვიმარჯოს და წარმატება თითოეულ ქართველს ოლიმპიურ თამაშებზე!“