ფანჯრებზე უსაფრთხოების ბადეები თბილისის ყველა საბავშვო ბაღში დამონტაჟდება
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებს საქმიანობის სამი თვის ანგარიში გააცნო.
როგორც გვანცელაძემ განმარტა, ამ ეტაპზე 13 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება, 10 ახალი ბაღის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება, ხოლო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე 26 ბაღს უტარდება გამაგრებითი სამუშაოები.
ასევე, მისივე თქმით, დაწყებულია ბაღის ფანჯრებზე უსაფრთოების ბადეების მონტაჯი, რომელიც საბოლოო ჯამში თბილისის 171-ვე ბაგა-ბაღს მოიცავს.
რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც გვანცელაძემ განმარტა, გატარდება ღონისძიებები თბილისის ბაღა-ბაღებში პერსონალისა და აღსაზრდელების ჯანმრთელობის კონტროლისთვის კერძოდ, იმუნიზაციის შესახებ აღსაზრდელთა მშობლების კონსულტირება, პერსონალის მხრიდან ტუბერკულოზის შესახებ ჯანმრთელობის ცნობის სავალდებულო წარმოდგენა. გარდა ამისა, იგეგმება სახანძრო-უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეზოებში ატრაქციონების ქვეშ განთავსდება კაუჩუკი, კეთილმოეწყობა ეზოები, განახლდება სათამაშოები, ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა. ასევე, განსახორციელებელ პროექტებს შორისაა ბაგა-ბაღების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით აღჭურვა.
“კამერები დამონტაჟებულია თითქმის ყველა ბაღში, მაგრამ ვამატებთ ვიდეოკამერებს, რადგან ყველა სივრცე დაიფაროს, სადაც კანონმდებლობით კამერების დაყენება მიზანშეწონილია“, – განაცხადა გვანცელაძემ.