ივლისიდან საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზა შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა წლის ბოლომდე ვაქცინის 4 მილიონამდე დოზას მიიღებს.
„ფაიზერთან“ ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, მილიონი დოზის თაობაზე. კონტრაქტი გაფორმებულია, ფული გადახდილია. „ფაიზერიც“ ასევე ეტაპობრივად, ივლისიდან დაიწყებს აღნიშნული მილიონი დოზის ვაქცინის მოწოდებას. ჯამში, წლის ბოლომდე ველოდებით, რომ დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მიერ განსაზღვრული სამიზნე, ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს სრულად აცრილი წლის ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ახალი დოზები შემოვიდა. მისივე თქმით, საქართველო მზად არის, 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს.