„ფაინენშალ თაიმსი“ - უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-უკრაინის ურთიერთობებმა ყველაზე დაბალ ზღვარს მიაღწია
უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-უკრაინის ურთიერთობებმა ყველაზე დაბალ ზღვარს მიაღწია, – ამის შესახებ აღნიშნულია „ფაინენშალ თაიმსის“ სტატიაში, რომლის სათაურია „აშშ შესთავაზებს უკრაინას უსაფრთხოების შეთანხმებას მოკავშირეებს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე“.
გამოცემის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუება ჯო ბაიდენის მიმართ მიმდინარე კვირაში გამოიკვეთა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას უჩვეულოდ უხეში სიტყვებით უსაყვედურა, როდესაც თქვა, რომ ბაიდენის გეგმა, დაესწროს დემოკრატიული ფონდის შეკრებას და არ დაესწროს 15-16 ივნისს უკრაინის სამშვიდობო სამიტს, „არ არის ძლიერი გადაწყვეტილება“.
ზელენსკის მიერ დანიშნულმა მთავრობის მაღალჩინოსანმა, რომელიც „ფაინენშალ თაიმსს“ აშშ-უკრაინის ურთიერთობების შესახებ ესაუბრა, აღნიშნა: „ჩვენ უფრო შორს ვართ ერთმანეთისგან, ვიდრე ოდესმე ომის დაწყების შემდეგ. სიტუაცია ძალიან, ძალიან დაძაბულია“.
მომავალ თვეში, სამშვიდობო სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე ზელენსკი და ბაიდენი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას.
„ფაინენშალ თაიმსის“ თანახმად, ზელენსკის ოფისმა გამოსცა მემორანდუმი ოფიციალური პირებისა და დეპუტატებისთვის, რომელიც ავალებს მათ სამიტზე არდასწრების გამო გააკრიტიკონ როგორც ბაიდენი, ასევე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. „ისინი თუ არ დაესწრებიან, მაშინ რა არის მათი რეალური ინტერესი?“ – წერია მემორანდუმში.
გამოცემა ასევე წერს, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინის თავდასხმებს ორ სარადარო სისტემაზე, რომლებიც მოსკოვის ბირთვული გამაფრთხილებელი სისტემის ნაწილია, ვაშინგტონთან კონფლიქტში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ვაშინგტონი წუხს, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, მოსკოვის პროვოცირება მოახდინოს და ომის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს.
„ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ შეშფოთება ასევე უკავშირდება განსხვავებულ სტრატეგიებს იმის შესახებ, როგორ შეუძლია უკრაინას მიაღწიოს გამარჯვებას და როგორი შეიძლება იყოს ეს გამარჯვება, ისევე როგორც ზელენსკის მიერ მთავრობისა და სამხედრო ჩინოვნიკების გადაყენებას, რომლებთანაც აშშ მჭიდროდ თანამშრომლობდა.
უკრაინის მთავრობის რამდენიმე ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დიპლომატებმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან ახსენეს თებერვალში მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის და მიმდინარე თვეში ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრე კუბრაკოვის გათავისუფლება. გამოცემის თანახმად, „დიდი შვიდეულის“ ელჩებმა ზელენსკის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ეს იყო აუხსნელი გადაწყვეტილებები.
„ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ, უკრაინის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ზელენსკი უფრო „ემოციური და ნერვიული“ გახდა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების გამო და ასევე ფიქრობს, რომ ვაშინგტონს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების სურვილი აქვს. ზელენსკი „მიიჩნევს, რომ მათ სურთ, ომი შეწყდეს [აშშ-ის] არჩევნებამდე“, – განაცხადა უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
გამოცემის ცნობით, კიდევ ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ბოლო თვეებში უკრაინის პრეზიდენტის ოფისში არსებული განცდის აღსაწერად გამოიყენა სიტყვა „პარანოია“.
„ზელენსკის ღრმა შეშფოთება აქვს სამხედრო ვითარებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ივნისში სამშვიდობო სამიტის გამო“, – აცხადებს უკრაინელი ოფიციალური პირი.
გამოცემის თანახმად, ზელენსკის მთავრობის რამდენიმე წევრმა აღნიშნა, რომ მზარდია შეშფოთება იმის თაობაზე, რა მეთოდებსაც იყენებს მათი პრეზიდენტი აშშ-თან კომუნიკაციისთვის. „ფაინენშალ თაიმსის“ თანახმად, ერთმა თქვა, რომ ზელენსკი „ძალიან გაღიზიანებული“ იყო ბაიდენის მიმართ და აღნიშნა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან თეთრი სახლის „ღია პროვოცირებით“.