„ფაინენშელ თაიმსი“ - ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის უკეთესად მონიტორინგს ითხოვენ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ კრიმინალური ჯგუფები კონტრაბანდის სახით ევროპის შავ ბაზარზე ყიდიან
ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის უკეთესად მონიტორინგს ითხოვენ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ კრიმინალურ ჯგუფებს ქვეყნიდან კონტრაბანდის სახით გააქვთ და ევროპის შავ ბაზარზე ყიდიან. ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.
როგორც გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, ნატო-ს რამდენიმე ნატოს წევრი ქვეყანა განიხილავს კიევთან უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მონიტორინგის სისტემის გარკვეულ ფორმას ან დეტალური აღრიცხვის სიებს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, უკრაინის მთავრობა აყალიბებს იარაღის უფრო ფართო მონიტორინგისა და კონტროლის სისტემას დასავლური ქვეყნების დახმარებით.
„მთელი ეს იარაღი ჩადის სამხრეთ პოლონეთში, ტრანსპორტირდება საზღვართან და შემდეგ უბრალოდ ნაწილდება მანქანებში საზღვრის გადასაკვეთად: სატვირთო მანქანებში, ფურგონებში, ზოგჯერ კერძო ავტომობილებში. ამ მომენტიდან ჩვენ არაფერი ვიცით მათი ადგილმდებარეობის შესახებ და წარმოდგენა არ გვაქვს, სად მიდის ის, სად გამოყენება და ისიც კი, რჩება თუ არა ის ქვეყანაში“, – განუცხადა „ფაინენშელ თაიმსს“ ერთ-ერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა.
როგორც იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი დენის ჯენკინსმა განაცხადა, იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი არასწორ ხელში მოხვდეს, არის მრავალ განსახილველ საკითხს შორის ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციის გათვალისწინებით.
„აშშ ძალიან სერიოზულად უდგება ჩვენს პასუხისმგებლობას, დაიცვას ამერიკული წარმომავლობის თავდაცვითი ტექნოლოგიები და აღკვეთოს მათი გაჟონვა ან უკანონო გავრცელება“, – განაცხადა ჯენკინსმა და აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზეა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ უკრაინის მთავრობის ვალდებულებაში, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს აშშ-ის იარაღი“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა განაცხადა, რომ იარაღის ნებისმიერი გადაადგილება, იქნება ეს უკრაინაში ტრანსპორტირება, თუ უკრაინიდან გატანა, როდესაც ეს აუცილებელია შესაკეთებლად, ყურადღებით კონტროლდება როგორც უკრაინის, ისე მისი საერთაშორისო პარტნიორების მიერ.
როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მონიტორინგის საკითხი განიხილებოდა მიმდინარე კვირას ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
„რთულია იარაღის კონტრაბანდის თავიდან აცილება – ჩვენ ვერ მივაღწიეთ ამას ყოფილ იუგოსლავიაში და სავარაუდოდ ვერ ავიცილებთ თავიდან უკრაინაში“, – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოჩოვამ პარასკევს მედიასთან. მისი თქმით, მას სჯერა, რომ დონორი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, იარაღის კონტროლისთვის, თუმცა როგორც მან აღნიშნა, შეუძლებელია მონიტორინგი გაუწიო იარაღის ყველა ერთეულს.