„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ევროპის მასშტაბით დივერსიებს ამზადებს
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ევროპის მასშტაბით დივერსიებს ამზადებს.
როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა წერს, ევროპულმა სპეცსამსახურებმა უკვე გააფრთხილეს ევროპის ქვეყნების მთავრობები, რომ რუსეთი უკვე აქტიურად შეუდგა დივერსიების მომზადებას, რაც მოიცავს აფეთქებების მოწყობას, ხანძრების გაჩენას და ინფრასტრუქტურის დაზიანებას.
„ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ევროპელი მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს, ამბობს, რომ რუსეთის ქმედებები კოორდინირებული და მასშტაბურია, რის გამოც დივერსიების საფრთხე მომატებულია.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის დეზინფორმაცია, დივერსიები და ჰაკერული თავდასხმები.
ცნობისთვის, 3 მაისს ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები ქვეყნის დასავლეთში მუშაობენ და, სავარაუდოდ, გეგმავენ დივერსიებს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
მანამდე გერმანიაში დააკავეს ორი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ისეთი ქმედებების ორგანიზებაში, რაც ძირს გამოუთხრის ბერლინის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას.