„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ის ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდირება მოახდინა, ჩინეთის შესაძლო შეჭრის შემთხვევაში ტაივანის დასახმარებლად ემზადება
აშშ-ის საზღვაო ძალების ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი Seal Team 6, რომელმაც 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდირება მოახდინა, ამჟამად ემზადება ტაივანის დასახმარებლად, ჩინეთის მხრიდან შესაძლო შეჭრის შემთხვევაში. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, საიდუმლო სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც სამხედრო ძალების ყველაზე რთული მისიები აქვს დაკისრებული, უკვე ერთ წელიწადზე მეტია, ემზადება ჩინეთისა და ტაივანის შესაძლო კონფლიქტისთვის. მზადება ვაშინგტონიდან დაახლოებით 250 კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობს, სადაც სპეცდანიშნულების რაზმის ბაზა მდებარეობს. გამოცემის ცნობით, ეს ფარული წვრთნები ხაზს უსვამს, რომ აშშ-ში ჩინეთის მხრიდან ტაივანზე შესაძლო თავდასხმას არ გამორიცხავენ.
„ფაინენშალ თაიმსის“ მიხედვით, Seal Team 6 არის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური რაზმი. ის სპეციალური ოპერაციების გაერთიანებული სარდლობის დაქვემდებარებაშია. სწორედ ამ რაზმმა გადაარჩინა რიჩარდ ფილიპსი, კონტეინერმზიდ Maersk Alabama-ს კაპიტანი, რომელიც 2009 წელს სომალელმა მეკობრეებმა მძევლად აიყვანეს. პენტაგონში „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციის შესახებ კომენტარზე უარი თქვეს.