„ფაინენშალ თაიმსი“ - ჩინეთში სახელმწიფო დაწესებულებებს ჩინური ოპერაციული სისტემებისა და ჩიპების გამოყენებას ავალდებულებენ
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ჩინეთში სახელმწიფო დაწესებულებებს ჩინური ოპერაციული სისტემებისა და ჩიპების გამოყენებას ავალდებულებენ. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის სახელმწიფო უწყებებში განთავსებულ კომპიუტერებში აღარ იქნება გამოყენებული ამერიკული intel-ისა და AMD-ს ჩიპები და ასევე Microsoft-ის ოპერაციული სისტემა Windows-ი.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ჩინეთის სახელმწიფო დაწესებულებების ადგილობრივ ტექნოლოგიებზე გადასვლის პროცესი 2027 წელს უნდა დასრულდეს.
ახალი წესები ჩინეთის ფინანსთა და მრეწველობის სამინისტროებმა ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს წარადგინეს. ამ წესების თანახმად, სახელმწიფო უწყებებს და პარტიულ ორგანოებს დაევალათ, ორიენტირებულები იყვნენ ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის „საიმედო და უსაფრთხო“ მწარმოებლებისგან შესყიდვაზე, რომელთა ჩამონათვალში მხოლოდ ჩინური კომპანიებია.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ჩინეთის გადაწყვეტილება intel-ისა და AMD-ს გაყიდვებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. Intel-ის მოგებაში ჩინეთის წილმა შარშან 27% შეადგინა, ხოლო AMD-ს შემთხვევაში – 15%.