„ფაინენშალ თაიმსი“ - საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კრიზისს რუსეთის აგრესიის გამოწვევა შეუძლია
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კრიზისს რუსეთის აგრესიის გამოწვევა შეუძლია, – ამ სათაურით სტატიას „
ფაინენშალ თაიმსი“ აქვეყნებს.
„საქართველოს პრეზიდენტი აფრთხილებს მსოფლიოს, რომ რუსეთის ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან და ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ამძაფრებს ნავთობის ფასების დაცემის საფრთხე, აჩენს კრემლის ახალი აგრესიის საფრთხეს მის საზღვრებს გარეთ“, – წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა.
საქართველოს პრეზიდენტს ამის მაგალითად მოჰყავს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, რის შედეგადაც საქართველომ საკუთარი ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა.
„სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შიდა პრობლემები რუსეთში, როგორც წესი იწვევს საგარეო აგრესიას და არა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გადახედვას ან თანამშრომლობას“- ნათქვამია სტატიაში.
„პანდემიისა და ნავთობის კრიზისი, შესაძლოა, პოლიტიკური სიტუაცია, ყველაფერმა ამან შეიძლება, უბიძგოს, წაახალისოს რუსეთი აგრესიისკენ, რათა მან აჩვენოს უპირატესობა საზღვრებს გარეთ. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, იმედი მაქვს, რომ ამჯერად ასე არ მოხდება და შესაძლოა, კრიზისმა აჩვენოს რუსეთის მმართველობას, რომ მათი პრობლემების გადაჭრა სხვა გზით არის შესაძლებელი“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილის „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბრისას.
სტატიაში ნათქვამია, რომ „სალომე ზურაბიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, პანდმიიის მიერ შექმნილ ახალ დინამიკას და არაპროგნოზირებად გარემოს შავი ზღვის რეგიონში, სადაც რუსეთი სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს და დასავლეთის ქვეყნებთან და თურქეთთან გავლენისთვის იბრძვის“.
ინტერვიუში საქართველო პრეზიდენტმა იმედგაცრუება გამოხატა, რომ კრემლმა არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომელიც მოსკოვს პანდემიამ მისცა, რათა ოკუპირებულ აფხაზეთში რაკეტებისა და რადარების განლაგების გადაწყვეტილება უკან გაეწვია.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონზე საუბრისას ზურაბიშვილმა მწუხარება გამოთქვა, რომ ქვეყანამ პანდემიის დროს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სრულყოფილი დახმარების გაწევა ვერ შეძლო.
„ჩვენ ვერ შევძელით, იმ დახმარების გაწევა, რაც შეგვეძლო. სეპარატისტული მთავრობა კი უფრო ძაბავდა ურთიერთობებს, რათა ყველაფერი გაეკონტროლებინა. რუსეთის მხრიდანაც ვერ დავინახეთ შეცვლილი მიდგომა. ჩვენ ვერ ვნახეთ გამჭვირვალობა პანდემიის დროს“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.