„ფაინენშალ თაიმსი“ - პუტინი არ მოისვენებს, ვიდრე მთელ დონბასს არ მიიღებს
„ფაინენშალ თაიმსი“ - პუტინი არ მოისვენებს, ვიდრე მთელ დონბასს არ მიიღებს

ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომს არ დაასრულებს, ვიდრე მთელ დონბასს არ მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია ანალიტიკურ სტატიაში, რომელიც გამოცემამ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ექვსი თვის თარიღთან დაკავშირებით მოამზადა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს „ბევრი რამ სწრაფად აითვისა“. ავტორის თქმით, მხარეები „გრძელი ზამთრისთვის ემზადებიან და კონფლიქტს დასასრული არ უჩანს“.

„პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მე ამის იმედი მაქვს“,  – ეს ფრაზა ჟენევაში რუსეთის ელჩს, გენადი გატილოვს ეკუთვნის.

კიდევ ერთი წყარო კრემლში „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება, რადგან რუსეთის არმიას იმ სიდიდის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის გამოცდილება, როგორიც უკრაინას ჰყავს, არ აქვს.​

სტატიაში ნათქვამია, რომ პუტინს ასევე იმედი აქვს, რომ დასავლეთი ანტირუსული სანქციების არასახარბიელო შედეგებს წააწყდება და შეწყვეტს უკრაინის შეიარაღებას.

„თუმცა, პუტინის გარემოცვაში ამის მაინცდამაინც არ სჯერათ“, – წერს ბრიტანული გამოცემა.

როგორც „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბარში ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ბიზნესმენმა განაცხადა, რუსული ელიტა ელოდება პუტინისგან ომის დასრულებისკენ მიმართულ ნაბიჯებს. მეორე მხრივ კი, პუტინზე ზეწოლას ახდენს ულტრანაციონალისტური ფრთა, რომელიც ომის გამარჯვებამდე გაგრძელებას მოითხოვს, ხოლო ალექსნდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობამ ეს განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა.

ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ასეთ ვითარებაში უბრალო უკრაინელებს მოლაპარაკებები აღარ სურთ. რესპონდენტების უმეტესობა ამბობს, რომ ომიდან გამოსავალი მხოლოდ რუსეთის სრული განადგურება და უკრაინული ტერიტორიების დაბრუნება იქნება, მათ შორის ყირიმის და დონბასის.

ამასთან, სტატიის ავტორები უკრაინაში ფრონტზე არსებულ მდგომარეობას „ჩიხურს“ უწოდებენ. გამოცემასთან საუბრისას უკრაინელი სამხედრო აცხადებს, რომ ამჟამად მხარეები პოზიციების გამაგრებით არიან დაკავებულნი. ამასთან, ის ამტკიცებს, რომ რუსები სწრაფად სწავლობენ, როგორ იომონ და კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსული არმია ძლიერ შეიცვალა.

„დასავლეთის შეიარაღება მისიას ასრულებს. დიახ, უკრაინა ჯერ არ იგებს, მაგრამ ასუსტებს რუსეთის პოზიციებს. თუმცა, კიევში ამბობენ, რომ კონტრშეტევაზე გადასვლას გაცილებით მეტი შეიარაღება სჭირდება“, – წერს გამოცემა.

ფაინენშალ თაიმსის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები აცხადებენ, რომ მხარეების ზამთრის პერიოდს ამოსუნთქვისთვის გამოიყენებენ და აქტიური საბრძოლო მოქმედებები ზამთარში არ არის მოსალოდნელი.