„ფაინენშალ თაიმსი“ - ემანუელ მაკრონი ტოკიოში ნატო-ს ოფისის გახსნის წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ ალიანსი ჩრდილოატლანტიკურ რეგიონზე უნდა კონცენტრირდეს
„ფაინენშალ თაიმსი“ - ემანუელ მაკრონი ტოკიოში ნატო-ს ოფისის გახსნის წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ ალიანსი ჩრდილოატლანტიკურ რეგიონზე უნდა კონცენტრირდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტოკიოში ნატო-ს ოფისის გახსნის წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ ალიანსი ჩრდილოატლანტიკურ რეგიონზე უნდა კონცენტრირდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, საფრანგეთის წინააღმდეგობამ გაართულა მრავალთვიანი დისკუსიები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ნატო-ს პირველი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით.

„საფრანგეთი თავს არიდებს რაიმეს მხარდაჭერას, „რაც ხელს უწყობს ნატო-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის გაზრდას“, – მოჰყავს გამოცემას წყაროს ციტატა.

გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე მაკრონმა განაცხადა, რომ ნატო-მ არ უნდა გააფართოვოს საზღვრები ჩრდილოატლანტიკური რეგიონის იქით.

„ნატო-ს სპექტრისა და გეოგრაფიის გაფართოებისკენ თუ ვუბიძგებთ, დიდ შეცდომას დავუშვებთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ნატო-ს ოფისის შექმნა მოითხოვს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ერთსულოვან მხარდაჭერას, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთს უფლება აქვს, დაბლოკოს ეს ნაბიჯი.

ნატო-მ უარი თქვა მიმდინარე დისკუსიის დეტალების გასაჯაროებაზე, ხოლო იაპონური მხარე არ აკეთებს კომენტარს მომხდართან დაკავშირებით.