საქართველო მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დღეებს ითვლის და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეთაგან ბევრს სჯერა, რომ ის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ საშუალებას მიმართავს, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.
„რუსეთის ლიდერები უკვე პროგნოზირებენ არჩევნების შემდეგ ძალადობას. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წლების განმავლობაში ინტეგრაციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს დე ფაქტო ლიდერმა, გრძნობს რა, რომ მას და რეგიონების მმართველებს ძალაუფლება ხელიდან ეცლებათ, ქვეყანას ამ კურსიდან გადაახვევინა. ახლა საქართველო დასავლეთსა და რუსეთისა და „ბრიქსის“ ქვეყნების სამყაროებს შორის ნეიტრალურ ზონაში მოძრაობს. ამ სიტუაციაში დასავლეთის ლიდერები სრულმასშტაბიანი ქართული კრიზისისთვის უნდა მოემზადონ. მათ გეგმა უნდა ჰქონდეთ“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.
სტატიის ავტორის შეფასებით, თბილისში ატმოსფერო დაძაბულია და ზოგიერთს ეს ახსენებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როდესაც ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი დაამარცხა.
„სააკაშვილი ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა, მისი მმართველობის პირველი ოთხი წელი ოპტიმიზმითა და პროგრესით იყო აღსავსე. 2008 წლის რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ მისი ადმინისტრაცია ავტორიტარიზმის, ძალადობისა და კორუფციის ცდუნებას დანებდა. ეს ტრაექტორია ივანიშვილის მმართველობის დროსაც განმეორდა“, – ნათქვამია სტატიაში.
ავტორის წერს, რომ 2024 წლის გაზაფხულზე საქართველოში ათიათასობით ადამიანმა გამოხატა პროტესტი რუსული სტილის „უცხოელი აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
„ეს არ არის კეთილგანწყობილი აქტი, რომელიც ფინანსურ გამჭვირვალობას ისახავს მიზნად, არამედ იმისთვის არის შექმნილი, რომ გააუქმოს ხელისუფლების მაკონტროლებლები და სხვები, რომლებიც კორუფციას აკვირდებიან და მთავრობას ანგარიშვალდებულებას სთხოვენ. მთავრობა ასევე ამზადებს კანონმდებლობას ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ტრაგედიაა“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.
სტატიის მიხედვით, უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოსთვის სრულიად მოულოდნელი შესაძლებლობა გახსნა, რის შედეგადაც მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შესთავაზეს.
„შესაძლოა, ივანიშვილს, განსხვავებით ქართველების უმრავლესობისგან, არასდროს სურდა ეს მოულოდნელი საჩუქარი. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა ნიშნავდა ქვეყნის, მათ შორის, სასამართლო სისტემის მართვის წესის მნიშვნელოვან წმენდას, მაგრამ მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო გაწევრიანების პროცესი გაიყინა, თუმცა ივანიშვილი კვლავ ჰპირდება ქართველებს ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 წლისთვის“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აქტივისტებს ემუქრებიან და სცემენ, ოპოზიციის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ძალაუფლება მათ ხელშია.
„ისინი ამბობენ, რომ ივანიშვილმა ძალაუფლება დაკარგა. ის გაბრაზებულია იდუმალ „გლობალური ომის პარტიაზე“, რომელიც აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მიზნად ისახავს საქართველოს რუსეთთან ომის „მეორე ფრონტში“ ჩათრევას. ოპოზიცია მრავალფეროვანია, მაგრამ მმართველი პარტია მათ ყველას კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებს“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორის შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრისთვის დანიშნულ არჩევნებში მხოლოდ თბილისის მოსახლეობა რომ აძლევდეს ხმას, ოპოზიციას, შესაძლოა, საქმე გაადვილებოდა, მაგრამ ასე არ არის.
„პატარა ქალაქ ახალციხეში, თურქეთის საზღვართან ახლოს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ყოველთვის ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აძლევენ ხმას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ახალციხის მსგავს ადგილებში სამუშაო ადგილების დიდი რაოდენობა მუნიციპალიტეტზე ან სახელმწიფო სტრუქტურებზეა დამოკიდებული. ხალხს ეშინია, ხელისუფლება თუ შეიცვლება, მათი უფროსი შეიცვლება გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლით, რომელიც, თავის მხრივ, გადაანაწილებს სამსახურებსა და კონტრაქტებს საკუთარ მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.
სტატიის ავტორს მოჰყავს Transparency International-ის ახალციხის ფილიალის თანამშრომლის, თამუნა უჩიძის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ მან ნახა ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორის შეტყობინებები, რომელიც სტუდენტებს ივანიშვილის მიტინგზე დასწრებას ავალდებულებდა. სტატიის ავტორს ასევე მოჰყავს ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის ციტატა, სადაც ნათქვამია, რომ „რუსეთი საქართველოს მტერია და საქართველოს გზა ევროპისკენ არასდროს შეჩერდება“.
„ანალიტიკოსები და სოციოლოგიური კვლევების ავტორები ვარაუდობენ, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ისე ოპოზიციაც, ამომრჩეველთა დაახლოებით მესამედს მიიმხრობენ, დანარჩენ ამომრჩეველს კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. ეს ნიშნავს, რომ ოქტომბერში ყველაფერი შეიძლება უსიამოვნოდ დასრულდეს. სერგეი ნარიშკინმა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა განაცხადა, რომ ოპოზიცია თუ დამარცხდება, აშშ გეგმავს „თბილისის მაიდანს“, რაშიც ის გადატრიალებას გულისხმობს. ეს აბსურდულია, მაგრამ „ქართული ოცნება“ თუ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, მან, შეიძლება, მაინც გამოაცხადოს თავი მოგებულად, რაც გამოიწვევს დემონსტრაციებს და, შესაძლოა, ძალადობასაც“, – ნათქვამია სტატიაში.
დასკვნაში სტატიის ავტორი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ თუ სამართლიანად გაიმარჯვებს, საქართველო დასავლეთისგან დაშორებას გააგრძელებს; თუ დამარცხდება, მაგრამ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, ქართველები დასავლეთს მიაპყრობენ მზერას, რა შემთხვევაშიც დასავლეთის მთავრობების ქმედებები, შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.