„ფაინენშალ თაიმსი“ - აშშ-ის გაფრთხილების შემდეგ თურქეთმა რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტი აკრძალა
აშშ-ის გაფრთხილების შემდეგ თურქეთმა რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტი აკრძალა, ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, თურქეთმა ფარულად დაბლოკა ამერიკული სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტი რუსეთში მას შემდეგ, რაც აშშ-ისგან შესაძლო „შედეგების“ შესახებ გაფრთხილება მიიღო. გამოცემის წყაროების მოსაზრებით, თურქეთის ხელისუფლებამ მიღებული შეზღუდვების შესახებ საჯაროდ „პოლიტიკური მგრძნობელობის“ გამო არ განაცხადა.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ანკარამ ცვლილებები შეიტანა თავის საბაჟო სისტემაში, რათა დაებლოკა ამერიკული წარმოშობის 40-ზე მეტი კატეგორიის საქონლის ექსპორტი, რომელსაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, თურქეთის ელექტრონული საბაჟო სისტემა ექსპორტიორებს აღარ აძლევს საბრძოლო აღჭურვილობის გაგზავნის საშუალებას, მაშინ როცა ადრე ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ ვაჭრობის შეზღუდვები ეხება ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა მიკროსქემები და დისტანციური მართვის სისტემები.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ თურქულმა ბანკებმა წელს მკვეთრად შეამცირეს ბიზნესი რუს პარტნიორებთან.