„ფაინენშალ თაიმსი“ - არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი უკრაინის ომის სწრაფად დასრულებას „გაყინვით“ აპირებს
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის ომის სწრაფად დასრულებას კონფლიქტის „გაყინვით“ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ, ტრამპის გუნდის გეგმების მიხედვით, კონფლიქტი, შეიძლება, გადაწყდეს ავტონომიური და დემილიტარიზებული ზონების შექმნით საზღვრის ორივე მხარეს, მაგრამ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე.
ტრამპის ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, გეგმა შეიძლება იყოს 2014 და 2015 წლების მინსკის წარუმატებელი შეთანხმებების ხელახალი გაცოცხლება. ოღონდ ამჯერად იქნება აღსრულების მექანიზმები და შეთანხმების დარღვევას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა აიძულონ პუტინი, მოლაპარაკებებზე წამოვიდეს, თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის ყოფილი თანაშემწე ტრამპის პრეზიდენტობისას, ელბრიჯ კოლბი ვარაუდობს, რომ ტრამპი, შეიძლება, დაემუქროს რუსეთს ნავთობისა და გაზის ფასების შემცირებით.
„პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის ბერკეტები და ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ეკონომიკური ბერკეტები რუსეთის წინააღმდეგ“, – აცხადებს ელბრიჯ კოლბი.