ფადი ელ აბდალა - რუსეთი, დე ფაქტო ხელისუფლებები არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან, ფატუ ბენსუდა მზად არის, ჩავიდეს იქ, თუ ეს დაგვეხმარება
რუსეთი, დე ფაქტო ხელისუფლებები არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან, ფატუ ბენსუდა მზად არის, ჩავიდეს იქ, თუ ეს დაგვეხმარება, – ამის შესახებ საქართველოში ჰააგის სასამართლოს დელეგაციის წარმომადგენელმა, ფადი ელ აბდალამ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებთან კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის თანამშრომლობ იქნება სასარგებლო, რადგან ეს ყველა მათგანს მისცემს საშუალებას, წარმოადგინონ საკუთარი პოზიცია და მტკიცებულებები, რომლებიც მათ შესაძლოა, ჰქონდეთ. ეს იქნება სასარგებლო იმისთვის, რომ შეიქმნას სრული სურათი იმისა, თუ რა მოხდა სინამდვილეში და ვინ არის პასუხისმგებელი. თუმცა, სამწუხაროდ, პროკურატურისგან გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება და დე ფაქტო ხელისუფლებები არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან. ფატუ ბენსუდა გამუდმებით იმეორებს, რომ მზად არის თანამშრომლობისთვის, მზად არის ჩავიდეს იქ, თუ ეს დაგვეხმარება. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, თუ ისინი უფრო ღია იქნებიან. თუმცა, ის ფაქტი, რომ რომელიმე მხარე არ თანამშრომლობს, შეაწყვეტინებს პროკურორებს საკუთარი გამოძიების ჩატარებას, რადგან გამოძიების ჩატარების რამდენიმე გზა არსებობს და არსებობს მტკიცებულებების განსხვავებული სახეობები, რომელთა გამოკვლევა შეუძლია პროკურორის ოფისს, იქნება ეს კომენტარები, აუდიო-ვიზუალური ჩვენებები და სხვა“, – აღნიშნა ფადი ელ აბდალამ.
მისი თქმით, არსებობს გამოძიების მრავალი გზა, რომელიც აუცილებლად არ მოითხოვს თანამშრომლობის ამ დონეს.
„ასე რომ, გამოძიება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს ვიტყვით უშუალოდ გამოძიებაზე, რადგან ის კონფიდენციალური უნდა იყოს. ჩვენი საქმიანობის სხვა ნაწილი გამჭვირვალეა, თუმცა გამოძიება კონფიდენციალურია, ვიდრე საქმე სასამართლო განვითარებას არ ჰპოვებს და მაშინ თქვენ უკვე შეძლებთ ნახოთ ამ გამოძიების შედეგები.
ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ გუნდი, რომელიც ჩართულია გამოიძიებაში, ნამდვილად ძალიან ბევრ მუშაობს და ისინი პროგრესს აღწევენ, თუმცა ჩვენ სხვას ვერაფერს დავამატებთ, რათა დავიცვათ პროცესის ერთიანობა და დავიცვათ ის ადამიანები, რომლებსაც გამოძიებასთან აქვთ კავშირი. ამ მომენტისთვის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა დრო დასჭირდება გამოძიებას. ჩვენ არ გვინდა, რომ გავაჩინოთ მოლოდინები“, – განაცხადა ფადი ელ აბდალამ.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია, ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს სასამართლოს საქმიანობის შესახებ და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით.