ფადი ასლი -„ომეგა“ უსამართლოდ ესხმის თავს მთავრობას და ბავშვურად, უპასუხისმგებლოდ იქცევა
„ომეგა“ ჯგუფის განცხადებას, რომ მათ ფინანსურ პრობლემებს მიზანმიმართულად უქმნიან, „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ თავმჯდომარე, ფადი ასლი დღეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
საერთაშორისო კომპანია “British American Tobacco”, რომელთანაც „ომეგა ჯგუფს“ სამართლებრივი დავა ჰქონდა კონკურენციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, „საერთაშორისო სავაჭრო პალატისა“ და “ამერიკის სავაჭრო პალატის“ წევრია.
ფადი ასლის თქმით, სასამართლო დავა მხარეებს შორის, BAT-ის სასარგებლოდ გასული წლის დეკემბერში დასრულდა და გაუგებარია, რას ემსახურება ახლა „ომეგა ჯგუფის“ განცხადებები.
“ომეგა” ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობა იყო ჩართული მათთვის 270 მილიონი ლარის ჩამორთმევაში, რომლის თაღლითური გზით მიღებაც მათ „ბრითიშ ამერიქან თიბაქოსგან“ უნდოდათ, და ამან გამოიწვია ფინანსური პრობლემები, რადგან მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ ფულით დავალიანებებს და ფინანსურ ვალდებულებებს დაფარავდნენ. ახლა კი სასამართლომ მათ ამ ფულის მიღებაზე უარი უთხრა, რადგან სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, კორუმპირებული ვლადიმერ კაკაბაძის გადაწყვეტილება გააუქმა და ეს დაადასტურა უზენაესმა სასამართლომაც. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობა ამაზე პასუხისმგებელია, რაც არის აბსოლუტურად სასაცილო ბრალდება. ეს ამბავი ჰგავს გაკოტრებული პირის ისტორიას, რომელიც ბანკის გასაძარცვად წავა, პოლიცია მას შეაჩერებს, ის კი პოლიციას თავის ფინანსურ პრობლემებში დაადანაშაულებს, რადგან მას ბანკის გაძარცვის საშუალება არ მისცეს. ასეთი დღეს „ომეგასა“ და „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ საკითხი. ჩვენ გვჯერა, რომ „ომეგა“ უსამართლოდ ესხმის თავს მთავრობას და იქცევა ბავშვურად არაპროფესიონალურად, ამას არავინ დაიჯერებს, ისინი თავს სასაცილოდ იხდიან. არ ვიცი რა ხდება „იბერიასთან“ დაკავშირებით, „იბერია“ ამ ჯგუფის ნაწილია. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ „იბერიაა“ პრობლემა. ვფიქრობ, მთელ ჯგუფს აქვს ფინანსური პრობლემები. მიმაჩნია, რომ „იბერიაზე“ საუბრის მცდელობა და იმის თქმა, რომ ეს არის სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა, არ არის პროფესიონალური”, – განაცხადა ფადი ასლიმ.
ტელეკომპანია „იბერიის“ დამფინანსებელი “ომეგა ჯგუფის” ერთ-ერთი ბიზნესი საქართველოში სიგარეტის წარმოება და იმპორტია. ფინანსური პრობლემები ჯგუფს საერთაშორისო “ ბრითიშ ამერიკან თობაქოსთან” კონკურენციაში შეექმნა.
„ომეგა“ “BAT”-ის სიგარეტის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვასა და შესაბამისად, არაჯანსაღ კონკურენციაში ადანაშაულებდა. ამ მოტივით კომპანიამ სასამართლოს ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში მიმართა და მიყენებული ზარალის, 100 მილიონის ანაზღაურება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა 2017 წლის თებერვალში დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, გასული წლის ივნისში, “ბრითიშ ამერიკან თობაქო” ჯარიმის გადახდისგან გაათავისუფლა და „ომეგა ჯგუფის“ პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიიჩნია. გასული წლის დეკემბერში კი უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო. “ომეგა ჯგუფი” უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ელოდება.