Facebook-მა კანადური კომპანია AIQ-ს გვერდი დაბლოკა
Facebook-მა კანადური კომპანია AIQ-ს გვერდი დაბლოკა

Facebook-მა კანადური კომპანია AIQ-ს გვერდი გააუქმა. სოციალურ ქსელში განაცხადეს, რომ კომპანიამ მომხმარებელთა პირადი მონაცემები სავარაუდოდ, ბოროტად გამოიყენა. კანადური ფირმის მომსახურებით დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები სარგებლობდნენ. “ბრექსითის” მხარდამჭერებმა ამ კომპანიას 2016 წლის რეფერენდუმამდე 2,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.

როგორც Facebook-ში განაცხადეს, AIQ ასევე დაკავშირებულია ბრიტანულ Cambridge Analitica-თან, რომელსაც სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ედება ბრალი. კანადურ კომპანიაში ბრალდებას უარყოფენ.

„მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანია AIQ ჩვენი პლატფორმიდან დროებით დავბლოკეთ. მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ მარეგულირებლებთან“, – განაცხადეს Facebook-ში.

გამოძიების მიხედვით, კანადურ კომპანია AIQ-ს ასევე ადანაშაულებენ ნიგერიის 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და ერთ-ერთი კანდიდატის დისკრედიტაციაში.