მაია სანდუ – მოლდოვას ჯერ კიდევ არ აქვს აუცილებელი თავდაცვითი შესაძლებლობები იმ დრონებისგან თავის დასაცავად, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ხალხი შეშფოთებულია
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქვეყანას კვლავ არ აქვს დრონებისგან თავის დასაცავად საკმარისი თავდაცვითი შესაძლებლობები.
სანდუმ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კიშინეუს თავზე „შაჰედის“ ტიპის დრონმა გადაიფრინა.
მისი თქმით, მოლდოვას სურს მშვიდობა.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია აუცილებელი თავდაცვითი შესაძლებლობები იმ დრონებისგან თავის დასაცავად, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას“, – წერს სანდუ სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ხალხი შეშფოთებულია.
„ხალხი შეშფოთებულია, რადგან ესმის, რომ რუსეთს არც ნეიტრალიტეტი აინტერესებს, არც სუვერენიტეტი და არც ადამიანების სიცოცხლე. რუსეთი როდესაც თავისი სატელევიზიო პროპაგანდით თავს ისე აჩვენებს, თითქოს მოლდოვის ბედზე ზრუნავს, სინამდვილეში კი დრონებს ჩვენს სახლებში უშვებს, ეს მოსკოვის ხელმძღვანელობის უსაზღვრო ცინიზმზე მეტყველებს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მაია სანდუს თქმით, მოლდოვა კვლავ გააგრძელებს ამ „არაადამიანური ომის“ დაგმობას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნას, ვიდრე რუსეთი იძულებული არ გახდება, ომის შეწყვიტოს. მისივე განცხადებით, ქვეყანა კვლავ დაუჭერს მხარს აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას, ასევე მეგობარი ქვეყნების დახმარებით ეროვნულ თავდაცვაში ინვესტირებას გააგრძელებს.