ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ხმის მიცემის წესები შეიცვალა. კერძოდ, ნახევარფინალურ ეტაპზე მონაწილეებს პროფესიონალური ჟიური აღარ შეაფასებს და მხოლოდ მაყურებლების გადასაწყვეტი იქნება, გადავა თუ არა კონკურსანტი ფინალში.
ამასთან, ქვეყნებს, რომლებიც არ მონაწილეობენ კონკურსში, ასევე ექნებათ ხმის მიცემის უფლება. კონკურსში არამონაწილე ქვეყნების ხმები დაჯამდება და მიემატება იმ ხმებს, რომელსაც კონკურსანტები მიიღებენ. ასე მოხდება ნახევარფინალშიც და ფინალშიც.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „ასე კონკურსის გლობალური გავლენა გაიზრდება“.
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ხმის მიცემის წესის შეცვლის გადაწყვეტილება 2022 წლის კონკურსზე ჟიურის ხმის მიცემის დროს გამოვლენილი დარღვევების გამო მიიღო.
ევროვიზიის პროფესიონალური ჟიური მომღერლებისა და კომპოზიტორებისგან შედგება. კონკურსის ჟიური 1957 წლიდან არსებობდა. აქამდე მოქმედი სისტემით, გამარჯვებულის გამოსავლენად პროფესიონალური ჟიურის ხმები მაყურებელთა მიერ კონკურსანტებისთვის მიცემულ ხმებს ემატებოდა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირში განაცხადეს, რომ ეს პრაქტიკა შენარჩუნდება კონკურსის ფინალში.
შეგახსენებთ, შარშან ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინელი მონაწილე გახდა, თუმცა ომის გამო 2023 წელს კონკურსს ლივერპული უმასპინძლებს. მასსში 37 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
მონტენეგრომ და ჩრდილოეთ მაკედონიამ კონკურსში მონაწილეობაზე გადასახადის გამო თქვეს უარი, რუსეთი კი უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო ევროვიზიიდან მოხსნეს.