ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბგვერდზე თორნიკე ყიფიანის სიმღერამ ექვს დღეში 517 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა
ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბგვერდზე თორნიკე ყიფიანის სიმღერამ ექვს დღეში 517 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. ვიდეოს ამ დროისათვის 18,000-ზე მეტი მოწონება აქვს. საქართველოში კი იუთუბზე აღნიშნული ვიდეო ტრენდებს შორის არის და მესამე ადგილს იკავებს.
ბუკმეიკერების ვებგვერდზე საქართველო 41 ქვეყანას შორის ჯერჯერობით მე-14 ადგილზეა.
ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) და ვიდეოს პრეზენტაცია საქართველოს პირველი არხის დილის გადაცემა „ახალი დღის“ ეთერში 3 მარტს შედგა.
სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად, მისი ბექვოკალია.
ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.