ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული კომპოზიტორები „ნაშუადღევში“ [ვიდეო]
პირველი არხის გადაცემამ „ნაშუადღევს“ ევროვიზიის სიმღერის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპოზიტორებს უმასპინძლა. რომან გიორგაძემ, ლევან ბაშარუმა და თამარ ბაბილუამ სიმღერის დეტალებსა და მოლოდინებზე ისაუბრეს.
რომან გიორგაძის თქმით, რომლის სიმღერას „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალურ ტურზე ოთო ნემსაძე და გიორგი ნაკაშიძე შეასრულებენ, მისი მიზანი იყო, ქართული გზავნილის შემცველი სიმღერა შეექმნა.
„ამ კონკურსში მონაწილეობა ძალიან დიდი პატივია. 300-მილიონიანი აუდიტორია მოისმენს შენს სიმღერას. ეს უდიდესი გამოწვევაა. სიმღერა სპონტანურად, ერთი ამოსუნთქვით დაიწერა სპეციალურად კონკურსისთვის. ტექსტზე მე და ჩემმა დამ, დიანა გიორგაძემ ვიმუშავეთ. ყველაზე მეტად გვინდოდა, რომ ყოფილიყო ქართული გზავნილი, ხასიათით, ჟინითა და სულისკვეთებით გამსჭვალული. გამოკვეთილად არ იყო ადამიანი, ვისთვისაც იწერებოდა სიმღერა, არც ვიცოდით, ვინ იდგებოდა ფინალში. ვფიქრობ, ხასიათიდან გამომდინარე, მამაკაცმა უნდა თქვას ის, რაც ამ სიმღერაში დევს“, – განაცხადა სიმღერის „სულ წინ იარე“ ავტორმა.
თავისი ემოციების შესახებ ისაუბრა ლიზა კალანდაძის სიმღერის „სევდისფერი ზღვა“ ავტორმა, ლევან ბაშარულმაც.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკურსში მონაწილეობა. აკეთო საქმე შენი ქვეყნისთვის, ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. რაც შეეხება სიმღერას, მისი ესკიზები არსებობდა, რადგან მუდმივად მუშაობის ფაზაში ვარ. რა სულიც მე ამ სიმღერაში ჩავდე, მინდოდა, კონკურსის ფინალისტს მოერგო. ვიცი, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ვსაუბრობთ ხელოვნებაზე და აქ აუცილებელია, ხალხმა აირჩიოს ის ერთადერთი სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარდგება. ყველაფერს ვაკეთებ, რათა სრულყოფილებამდე მივიდეს საკონკურსო სიმღერა. ვღელავ, რადგან ქართველ მაყურებელს დახვეწილი გემოვნება აქვს. ლიზა ისეთი შემსრულებელია, რომ მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ლევან ბაშარულმა.
„მე მჯერა“, – ასე ჰქვია კიდევ ერთ საკონკურსო სიმღერას, რომელსაც გიორგი ფრუიძე „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალურ ტურში შეასრულებს. სიმღერის ავტორი თამარ ბაბილუაა.
„მადლობა ჟიურის წევრებს, რადგან ამდენი ნამუშევრიდან ჩემიც მოხვდა საუკეთესო სამეულში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიმღერა 2019 წელს დაიწერა და არის ძლიერ ადამიანზე, თუ რა სასწაულის მოხდენა შეუძლია შინაგან ენერგიას. სიმღერა ნაწილობრივ სიყვარულზეცაა. ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა. კონკურსანტს შევხვდები დეტალებზე სასაუბროდ. მიუხედავად თავისი ასაკისა, გიორგი ფრუიძე უკვე ჩამოყალიბებული მომღერალია. ქართველი მსმენელი საკმაოდ კრიტიკულია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი სიმღერა გაიმარჯვებს. წარმატებები თითოეულ კონკურსანტს“, – განაცხადა საკონკურსო სიმღერის ავტორმა, თამარ ბაბილუამ.
შეგახსენებთ, პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალი კვირას, 3 მარტს, 22:00 საათზე გაიმართება და მაყურებელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელსა და საკონკურსო სიმღერას აირჩევს.