ევროვიზიაზე საბერძნეთს კანადელი მომღერალი წარადგენს [ვიდეო]

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საბერძნეთის სახელით, წარმოშობით კანადელი კატერინე დუსკა წარდგება. ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გახდა ცნობილი, სადაც კანადელი მომღერალი წამყვანს სატელეფონო ხაზზე ჩაერთო.

„ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უდიდესი პლატფორმაა, რომელიც არავის განსჯის და რიყავს მიუხედავად იმისა, რამდენად განსხვავებულია ის. ეს კონკურსი გამოუცნობია, არასდროს იცი, რას ნახავ და როგორ დასრულდება. წარმოუდგენელი შემოთავაზება იყო, როდესაც საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დამირეკეს და მათი სახელით ამ კონკურსზე მონაწილეობა შემომთავაზეს. გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ ამ ადამიანებმა ჩემი საავტორო სიმღერით გასვლა შემომთავაზეს ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. კონკურსისთვის აქტიურად ვშრომობ. ახლაც დიდი ბრიტანეთიდან გესაუბრებით. ხმის ჩამწერ სტუდიაში ვარ, სადაც საკონკურსო სიმღერაზე მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ“, – განაცხადა კატერინე დუსკამ.

მომღერალი ძირითადად ინდიეპოპისა და სოულის ჟანრში მოღვაწეობს. მისი სადებიუტო ალბომი „სიმბოლიზაცია“ (Embodiment) 2015 წელს გამოვიდა და საკმაოდ დიდი პოპულარობაც ხვდა წილად.

საბერძნეთის საკონკურსო სიმღერა 7 მარტს გახდება ცნობილი. მოახერხებს თუ არა შარშანდელი წარუმატებლობის შემდეგ საბერძნეთი წარმატების მიღწევას და დაბრუნდება თუ არა ქვეყანა გრანდიოზულ ფინალში, ამას 14 მაისს, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალურ ტურში გავიგებთ.