ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალურ შოუში იმღერებს
ევროვიზია 2023-ის მასპინძელ ქალაქ ლივერპულში კონკურსის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალური შოუს მეორე ნახევარში იმღერებს.
საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ სომხეთი, კვიპროსი, რუმინეთი, დანია, ბელგია, ისლანდია, საბერძნეთი, ესტონეთი, ალბანეთი, ავსტრალია, ავსტრია, ლიეტუვა, სან მარინო, სლოვენია და პოლონეთი.
რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: სერბეთი, ლატვია, პორტუგალია, ირლანდია, ნორვეგია, ხორვატია, მალტა, შვედეთი, მოლდოვა, შვეიცარია, ისრაელი, ნიდერლანდები, ფინეთი, აზერბაიჯანი და ჩეხეთი.
დიდი ხუთეულის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა – უკრაინა ავტომატურად მოხვდებიან ფინალში.
გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას პირველ ნახევარფინალში შეეძლებათ ხმის მიცემა, უკრაინას, ესპანეთსა და ბრიტანეთს კი – მეორე ნახევარფინალში.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 9, 11 და 13 მაისს ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში გაიმართება.