ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი გახდა [ვიდეო]
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლორენსი გახდა. მან ჟიურისა და მაყურებლის ქულათა ჯამით საუკეთესო შედეგი მიიღო და ევროვიზია 2019 წლის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.
მეორე ადგილზე გავიდა კონკურსანტი შვედეთიდან. მესამე კი, რუსეთის წარმომადგენელი გახდა.
ევროვიზიის ფინალზე 26 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა. კონკურსის წესების მიხედვით, თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა, სადაც მათ დიდი ხუთეულის ქვეყნები შეუერთდნენ, რომლებიც კონკურსის დამფუძნებლები არიან (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი) და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ისრაელი.
პირველი ნახევარფინალი 14 მაისს გაიმართა. პირველი ნახევარფინალიდან ფინალში მოხვდა: საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან-მარინო, სლოვენია. მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნები იყო: ჩრდილოეთ მაკედონია, ნიდერლანდები, ალბანეთი, შვედეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, დანია, ნორვეგია, შვეიცარია და მალტა.
ევროვიზიის ნახევარფინალური შოუების და ფინალის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველმა არხმა შემოგთავაზათ.