ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი - მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს და ახალ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება
მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს და ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება, – ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ტინი კოქსმა განაცხადა, რომელიც საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველომ არჩევნების ორგანიზება ამ გარემოებებში მოახერხა, აჩვენებს, რომ დემოკრატიის არ ეშინია.
„მინდა, მადლობა გადავუხადო და დავაფასო ყველა მამაცი ქართველი ამომრჩეველი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო უბნებზე არსებობდა კოვიდის რისკი. ის ფაქტი, რომ თქვენმა ქვეყანამ მოახერხა არჩევნების ორგანიზება ამ გარემოებებში, ეს აჩვენებს იმას, რომ თქვენ დემოკრატიის არ გეშინიათ. არჩევნების გამართვით საქართველო აჩვენებს ევროსაბჭოს სხვა 46 წევრ ქვეყანას, რომ არჩევნების გამართვა შესაძლებელია პანდემიის პერიოდშიც კი, რომელიც ძალიან მძიმე ზეგავლენას ახდენს მოქალაქეებზე. ახლა არჩევნების ორგანიზება აჩვენებს, რომ რა თქმა უნდა, ამ კრიზისის პერიოდში არ შეიძლება, გვქონდეს ნაკლები დემოკრატია, პირიქით, ახლა უფრო გვჭირდება მეტი დემოკრატია.
ეს საპარლამენტო არჩევნები ზოგადად თავისუფალი იყო, მაგრამ ჩვენ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეა გამოვხატავთ სინანულს, რომ თქვენს ქვეყანაში მაინც არ არის ბოლომდე კარგად წარმოდგენილი ნათელი წესები ამ კამპანიის დაფინანსების და შეუზღუდავი დაფინანსების მიმართ. ეს რა თქმა უნდა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს არჩევნების სამართლიანობაზე და კარგ სიგნალს არ აძლევს თქვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს და ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება, რათა გააუმჯობესონ საკანონმდებლო ჩარჩო კამპანიების ზედამხედველობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ რაც საჭიროა, ყველაფერი გაკეთდება, თუკი ამის პოლიტიკური ნება იარსებებს“, – განაცხადა ტინი კოქსმა.