ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ დავაზე და მისთვის დაწესებულ ვალდებულებების აღსრულების საკითხზე ევროპელ კოლეგებთან იმსჯელებენ.
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციამ მოიპოვოს მხარდაჭერა, რათა უფრო ეფექტურად იქნეს აღსრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ევროპის სასამართლოს დააკისრა.
„დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში დაგეგმილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხის განხილვა. ჩვენთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რომელიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ამ სასამართლოში მოიპოვა, მნიშვნელოვანია, რომ ყველას მოვუწოდოთ და მოვიპოვოთ მხარდაჭერა, რათა უფრო ეფექტურად იქნეს აღსრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთს დაეკისრა. დარწმუნებული ვარ, ეს ის პათოსი იქნება, რომელსაც ევროსაბჭოს წევრები ჩვენთან ერთად გაიზიარებენ. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, მათ შორის ამ დებატებს და პლატფორმასაც, რომ ყოველთვის მოვუწოდოთ რუსეთს შეასრულოს აღებული ვალდებულებები და უფლებათა დარღვევებს, რომლებსაც ყოველდღიურად აქვთ ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთხელ და საბოლოოდ დაესვას წერტილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ და ყველა ჩვენ პარტნიორს ვამცნოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართველი ხალხისთვის ყოველდღიურ პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გუშინ გაიხსნა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიში განიხილა, რომელიც მისიის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა წარადგინა. ანგარიშის მოსმენას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაესწრო.
როგორც ტინი კოქსმა განაცხადა, საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი არჩევნები და მისი შედეგები ეჭქვეშ ვერ დადგება. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ქართულ ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, შეუდგნენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.