ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია პანდემიის საკითხზე მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიები გრძელდება. ასამბლეის სხდომა დღეს პანდემიის საკითხზე მსჯელობით გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დელეგაციის წევრები. ქართული მხარე წარადგენს გეგმას საქართველოში „კოვიდ-19“-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ, ასევე ისაუბრებენ ვაქცინაციის სტრატეგიის მთავარ ასპექტებზე.
საქართველოს დელეგაციის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქართული მხარე საერთაშორისო წარმომადგენელებს ასევე გააცნობს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის თვალსაზრისით მიაღწია.
„კოვიდ-19“-თან ბრძოლა და ვაქცინაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მსოფლიოში დგას და რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გვერდს ვერ აუვლიდა. შესაბამისად, დღეს გაიმართება დებატები ამ საკითხთან მიმართებაში, რომელზეც გამოვა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი და ისაუბრებს იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს მიაღწია საქართველომ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე, იმ გეგმებზე, რომელიც გვაქვს ვაქცინაციის თვალსაზრისით. იქნება საუბარი იმ მთავარ ასპექტებზე, რომელიც აქვს ჩვენი ეროვნული ვაქცინაციის გეგმას, ასევე იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენი ეროვნული გეგმით და იმ პერიოდზე, რომელზეც გათვლილი გვაქვს ვაქცინაციის გეგმა. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ამ შემთხვევაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, წარვუდგინოთ ის პოზიტიური შედეგები და მართლაც მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გეგმები, რომელიც საქართველოს გააჩნია ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.