ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას საქართველოს დელეგაცია პროტესტისა და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად არ დასწრებია
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას საქართველოს დელეგაცია პროტესტისა და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად არ დასწრებია. როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ეს პროტესტი უკავშირდება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით მიიღო.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებას არ ვაპირებთ. ამას არც ერთი ქვეყანა არ განიხილავს. წინა სესიაზე რუსეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისა და უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად საქართველოს დელეგაცია მიმდინარე სესიაზე არ მონაწილეობს არანაირ საზეიმო ღონისძიებებსა და ასამბლეის სხდომაში. კოორდინაცია გვაქვს სხვა ქვეყნებთანაც, რომლებისთვისაც ჩვენს მსგავსად მიუღებელია რუსეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილება“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
საქართველოსთან ერთად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას არ დასწრებიან ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და უკრაინის დელეგაციის წევრები.
უკრაინის დელეგაციამ რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაბრუნების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად საერთოდ უარი თქვა ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობაზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ლილიან მორი პასკიეს თქმით, ის რომ უკრაინის დელეგაცია ორგანიზაციის საშემოდგომო სესიას არ ესწრება, სამწუხარო ფაქტია. ეს განცხადება მან სტრასბურგში გააკეთა, სადაც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გახსნა.
„უკრაინის დელეგაციასთან თანამშრომლობა პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინა ჩვენი ორგანიზაციის წევრია, მან უნდა ისარგებლობს ჩვენი უპირობო მხარდაჭერით, საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის საკითხში“, – განაცხადა პასკიემ.