ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები განცხადებას ავრცელებენ - კატეგორიულად ვთავაზობთ პარლამენტს, განიხილოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის დღის წესრიგიდან ამოღება
საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მიღების გამო.
„როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონპროექტი ამჟამინდელი სახით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მის თავსებადობასთან დაკავშირებით ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან. გუშინდელმა ნაჩქარევმა მიღებამ, ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ან სათანადო კონსულტაციის გარეშე, მხოლოდ კიდევ უფრო გაზარდა ღრმა განხეთქილება, პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში და როგორც ასეთი, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციასა და ევროინტეგრაციას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
თანამომხსენებლები ხაზს უსვამენ, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ სათანადო შეფასების გარეშე არ უნდა იქნას მიღებული და დასძენენ, რომ კომისიის ნებისმიერი შეშფოთება, რეკომენდაცია სრულად უნდა იქნას განხილული საქართველოს პარლამენტის მიერ როგორც ფორმით, ასევე შინაარსით.
„ვენეციის კომისიის ასეთი მოსაზრებითაც კი, ჩვენთვის გაუგებარია, რამდენად იქნება ეს საკმარისი ქართულ საზოგადოებაში არსებული ღრმა განხეთქილებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის მოსაგვარებლად, რაც ამ კანონპროექტმა შექმნა. ამიტომ კატეგორიულად ვთავაზობთ პარლამენტს, განიხილოს ამ კანონპროექტის დღის წესრიგიდან საერთოდ ამოღება“, – აღნიშნავენ თანამომხსენებლები.
მომხსენებლებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ამავე დროს მოუწოდეს მომიტინგეებსა და პროტესტის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ მათი პროტესტი დარჩეს კანონის ფარგლებში.
თანამომხსენებლები თბილისში ვიზიტს 27-29 მარტისთვის გეგმავენ.