ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანის გადახდისკენ მოუწოდა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს დელეგაციის ფორმირებისკენ და ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანის გადახდისკენ მოუწოდა. შესაბამისი რეზოლუცია 10 აპრილს პლენარულ სესიაზე მიიღეს.
დოკუმენტში ასამბლეის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, „თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც ამ ორგანიზაციის ყველაზე დიდ წევრ ქვეყანას ევროსაბჭოს დატოვებას შესთავაზებენ, ან ამის გაკეთება მოსკოვს საკუთარი ნებით მოუწევს, რასაც გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის.“
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის მიცემის უფლება 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოართვა. მოსკოვს არ აქვს უფლება ასამბლეის მმართველ ორგანოში იმუშაოს და ასამბლეის სახელით არჩევნებზე დამკვირვებლები გაგზავნოს. 2017 წლის ივნისში რუსეთმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში საწევრო შენატანს არ გადაიხდის, ვიდრე მისი დელეგაციის წევრებს ყველა უფლება არ აღუდგება. რუსეთის ყოველწლიურ შენატანი 33 მილიონი ევროა, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთლიანი ბიუჯეტის 10%-ია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში.
„რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევა ან საერთო ღირებულებების დაკნინება იმისთვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით – ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა. საქართველო ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.