ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების საშუალებას აძლევს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. რუსეთის დელეგაცია უკვე ჩავიდა სტრასბურგში, რათა საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში მიიღოს მონაწილეობა.
შესაბამის დოკუმენტს მხარი დაუჭირა ასამბლეის 118 წევრმა, 62 წინააღმდეგი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა. მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა რეზოლუციის პროექტში შესატანი 220-ზე
მეტი შესწორება განიხილეს, თუმცა ასამბლეამ თითქმის არც ერთ მათგანს მხარი არ დაუჭირა.
სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებს წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების აღდგენის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთეს.
დოკუმენტთან დაკავშირებული დებატები სტრასბურგში ცხრა საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. საკითხის მნიშვნელობისა და განსახილველი შესწორებების რაოდენობის გათვალისწინებით, ასამბლეის თავმჯდომარემ სხდომა ოთხი საათით, ადგილობრივი დროით შუაღამემდე გაახანგრძლივა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის დელეგაცია რეზოლუციის პროექტის განსახილველად რეგლამენტის კომიტეტში დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა აღნიშნულმა ინიციატივამ ასამბლეის წევრებს შორის საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
დოკუმენტის სახელწოდებაა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება“. რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებასა და ხმის უფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ცვლილებას ეხება. რეზოლუციის ავტორია რეგლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი პეტრა დე სუტერი.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული.
რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.