ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თურქეთის ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი თურქეთის ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აკრიტიკებს. კომიტეტმა შესაბამისი განცხადება მიიღო, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო 24 ივლის ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ. საარჩევნო პროცესი საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაიმართება, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადდა.
„შეუძლებელია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება საგანგებო მდგომარეობისა და თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე უსაფრთხოების ოპერაციების პირობებში. 2016 წლის ივლისიდან დაწესებულმა საგანგებო მდგომარეობამ არაპროპორციული ზომები და თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების მიუღებელი შეზღუდვები გამოიღო შედეგად, მათ შორის სიტყვის, მედიისა და შეკრების თავისუფლების“, – ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის განცხადებაში.
სტრასბურგში ასევე აღნიშნავენ, რომ ერთი თვის წინ თურქეთის პარლამენტმა არჩევნების შესახებ ახალი კანონი მიიღო, რამაც არსებითად შეცვალა ქვეყანაში საარჩევნო წესები, კერძოდ კი დაუშვა ბლოკების შექმნა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა არჩევნებამდე ასე მცირე ხნით ადრე ევროპულ ნორმებს ეწინააღმდეგება.
„გარდა ამისა, ასამბლეა მწუხარებით აღნიშნავს, რომ 10 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალია, შეცვლილ კანონში არ შემცირდა, როგორც ამას საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები, მათ შორის ასამბლეა ითხოვდა. ეს ბარიერი დამატებით ძირს უთხრის პოლიტიკურ პლურალიზმს და ზღუდავს ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
„ყველა ეს ფაქტორი არჩევნების დემოკრატიულობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ კომიტეტი თურქეთის ხელისუფლებას არჩევნების გადადებას ურჩევს“, – ნათქვამია მონიტორინგის კომიტეტის წევრების განცხადებაში.