ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - საქართველოში ზოგადი გარემო დემოკრატიული არჩევნებისთვის შესაბამისია, თუმცა გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გერმანელი დეპუტატის, ანდრეი ჰუნკოს ხელმძღვანელობით წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად თბილისში 19-20 სექტემბერს იმყოფებოდა.
როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ზოგადი გარემო დემოკრატიული არჩევნების შესაბამისია, თუმცა სხვადასხვა მოსაუბრესთან დისკუსიის შემდეგ, დელეგაციამ მიიჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს აღნიშნული გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობა და არჩევნებამდე დარჩენილი დრო საკმარისია, რომ გაუმჯობესება ნაწილობრივ მაინც განხორციელდეს.
დელეგაციას აცნობეს, რომ მედიაგარემო პოლარიზებულია, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან და სოციალურ ქსელებში ისმის სიძულვილის ენა, ასევე ხორციელდება პერსონალური თავდასხმები კანდიდატებზე.
„დელეგაცია იმედოვნებს, რომ მსგავსი თავდასხმები შეწყდება და მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, ფოკუსირება მოახდინონ კანდიდატების პოლიტიკურ პროგრამებზე და წარმოადგინონ ისინი დაბალანსებულად. კანდიდატების დიდი რაოდენობის მიუხედავად“, – ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადებაში.
დელეგაციას მიაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქმედებდა პროფესიონალურად და არჩევნებისთვის კარგად ემზადებოდა. თუმცა, მიიჩნევს, რომ ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციისადმი საზოგადოებრივი ნდობის გაზრდისთვის საჭიროა, სერიოზულად იყოს გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო ორგანოების ზოგიერთი წევრის შერჩევის მეთოდოლოგიას, რაც ნეპოტიზმისა ან/და პოლიტიკური ინტერესის ეჭვს აჩენს.
ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მიესალმება წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ როლს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჭეშმარიტ დემოკრატიაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა.
დელეგაცია ელოდება, რომ დაგეგმილ არჩევნებზე არ მოხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ასევე ყველა კანდიდატის კამპანიის დაფინანსების სრული გამჭვირვალობის საჭიროებაზე საუბრობს და მოუწოდებს ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ჭეშმარიტად დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიას.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა. ვიზიტის განმავლობაში დელეგაციის წევრები შეხვდნენ პრეზიდენტობის კანდიდატებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხმის მიცემის პროცედურას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 33-წევრიანი დელეგაცია დააკვირდება.