ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს კენჭს უყრის
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს 26 აპრილს უყრის კენჭს, შესაბამისი გადაწყვეტილება ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ასამბლეის წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის მიერ შედგენილი ანგარიში გამოქვეყნდა.
ანგარიშში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრს კორუფციაში ადანაშაულებენ.
დოკუმენტში ფიგურირებს რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი, რომლებსაც ბაქოს ინტერესების ლობირებისთვის, ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. 220 გვერდიან დოკუმენტში მოხვდა ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი პედრო აგრამუნტიც. თუმცა დოკუმენტის ავტორების თქმით, მათ არ გააჩნიათ მკაფიო მტკიცებულება, რომ აგრამუნტი აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ქრთამს იღებდა. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან აზერბაიჯანის ინტერესების ლობირება ნათლად იკვეთება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დეპუტატების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხის განხილვა იგეგმება.