ევროსაბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების საკითხზეც ისაუბრა.
ზალკალიანის თქმით, მხარეებმა განიხილეს მინისტერიალის ჩატარების ყველა შესაძლო ვარიანტი და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს მინისტერიალი ისე, რომ თავიდან იყოს აცილებული სცენარების არასასურველი განვითარება.
„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მინისტერიალზე. განვიხილეთ მინისტერიალის ჩატარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს მინისტერიალის ჩატარება ისე, რომ ავიცილოთ სცენარების არასასურველი განვითარება. ამიტომ ვრჩებით ძალიან ახლო კოორდინაციაში“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის განმარტებით, ევროსაბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.
„ხვალ გაიმართება სტრასბურგში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომა და ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ამიტომ მე დღეს კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ, რადგან ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ ქართული საზოგადოების ძალიან დიდი მოლოდინი არის, ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა, განვუმარტო ყველაფერი იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაც იქნება სტრასბურგში მიღებული“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
კითხვაზე, სტრასბურგსა და თბილისს შორის არის არჩევანი?- ზალკალიანმა უპასუხა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტ კომენტარს ხვალ გააკეთებს.
„ხვალ გავაკეთებ ზუსტ კომენტარს იმ გადაწყვეტიელბასთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ იქნება მიღებული“ ,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.