ევროსაბჭო უკრაინას მოუწოდებს, გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს
ევროსაბჭო უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმის გამოძიების დასრულება რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 18-20 სექტემბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შეაფასა უკრაინის მიერ ღონღაძის მკვლელობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება.
მინისტრთა კომიტეტი წუხს, რომ მკვლელობიდან 18 წლის შემდეგაც, გიორგი ღონღაძის მკვლელობის ორგანიზების საქმის გამოძიება ბოლომდე დასრულებული არ არის.
უკრაინაში მოღვაწე ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა. ნოემბერში კიევის ოლქში, ტყეში მისი თავმოკვეთილი ცხედარი იპოვეს.
2008 წელს კიევის სასამართლომ ჟურნალისტის მკვლელობაში უკრაინის შსს-ს სამი თანამშრომელი ცნო დამნაშავედ და მათ 12-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამას გარდა, 2013 წლის იანვარში, სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალს, ალექსეი პუკაჩს. გიორგი ღონღაძის მკვლელობის დამკვეთთა ვინაობა ამ დრომდე უცნობი რჩება.