„ევროპულმა საქართველომ“ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე დადგენილების პროექტი მოამზადა
„ევროპულმა საქართველომ“ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე დადგენილების პროექტი მოამზადა.
დოკუმენტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან ძალის გადამეტების გამო, რასაც მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და ძალის გადამეტების ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდნენ, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო პროტესტის დროს დააკავეს.