„ევროპულმა საქართველომ” ბოლო მომენტში სხდომა მიატოვა, დებატები იყო მწვავე, მაგრამ ისეთი არაფერი მითქვამს, რომ გაქცეულიყვნენ
საკმაოდ მწვავე დებატები გამოვიდა, ჩემმა მომწვევმა ოპოზიციურმა ძალამ, „ევროპულმა საქართველომ” რატომღაც დატოვა სხდომა, მათ პასუხები არ მოისმინეს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი გამოსვლით კმაყოფილია, რადგან მიეცა საშუალება, სახელისუფლებო გუნდის მიერ გატარებულ ეფექტურ ღონისძიებებზე კიდევ ერთხელ ესაუბრა და მოსახლეობისთვის მიემართა.
„პირველ რიგში, ძალიან მადლობელი ვარ საქართველოს პარლამენტის ამ მოწვევისთვის. ყოველთვის, როდესაც პარლამენტი ჩვენ, მთავრობის წევრებს გვიწვევს, მოვდიცართ და ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ მოსახლეობას მივმართოთ. მათ შორის დღეს, როდესაც ბევრი პრობლემა არის, ბევრი გამოწვევა, მაგრამ ასევე ბევრი წარმატებაც გვავქვს. ეს იყო კარგი შანსი, კარგი შესაძლებლობა ჩემთვის, მესაუბრა კიდევ ერთხელ ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიერ გატარებულ საკმაოდ ეფექტურ ანტიპანდემიურ, ანტიკრიზისულ პოლიტიკაზე ეკონომიკაში, რაც უკვე გარკვეულ პირველ დადებით ნიშნებს იძლევა, მათ შორის, კრიტიკულ ჭრილშიც განგვეხილა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხი, რაც საზოგადოებას აწუხებს. მართალია, საკმაოდ მწვავე დებატები გამოვიდა, თვითონ ჩემმა მომწვევმა ოპოზიციურმა ძალამ, „ევროპულმა საქართველომ” რატომღაც ბოლო მომენტში მიატოვა სხდომა. კი, დებატები იყო მწვავე, მაგრამ თითქოს ისეთი არაფერი არ მითქვამს, რომ გაქცეულიყვნენ, ცოტა გაკვირვებული დავრჩი. არ მოისმინეს პასუხები, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ მოგვეცა საშუალება, მოსახლეობისთვის მიგვემართა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.