ევროპულმა საბჭომ შენგენის ზონაში მესამე ქვეყნებისთვის ავტორიზაციის პროექტს მხარი დაუჭირა
ევროპულმა საბჭომ შენგენის ზონის ქვეყნებში მესამე ქვეყნების მოსახლეობისთვის ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა. ახლა მიღებულ რეგულაციას ხელი ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მოაწერონ. შემდეგ ხელმოწერილი ტექსტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, 20 დღეში კი ძალაში შევა.
შენგენის ზონაში მოგზაურობასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების თანახმად, სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებული არიან.
გარდა ამისა, შენგენის ზონაში მგზავრობის მსურველებს მოუწევთ ელექტრონული ფორმის შევსება, სადაც მათ უნდა მიუთითონ დაბადების ადგილი და თარიღი, პასპორტის მონაცემები, სახელი, გვარი, ეროვნება, სქესი, საკონტაქტო ნომრები, საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია, მგზავრობის მიზანი და სად აპირებენ გამგზავრებას.
სამგზავრო ნებართვის აღების ღირებულება 10 ევრო იქნება. გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან სტუდენტები, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის ნათესავები, 18 წლამდე ასაკის პირები. ელექტრონული აპლიკაციის ავტორიზაცია 72 საათში მოხდება და მისი გამოყენების ვადა იქნება სამი წელი. მესამე ქვეყნების მოქალაქეების მონაცემს ევროპოლის, ინტერპოლის შენგენის საინფორმაციო სისტემის შესაბამისი ორგანოები შეამოწმებენ. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება აპლიკანტის გასაუბრებაზე დაბარება. უარის მიღების დროს, სამგზავრო დოკუმენტის მიღების მსურველი პირი დეტალურ განმარტებას მიიღებს.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით 60-ზე მეტი ქვეყანა სარგებლობს. ევროკომისიის მონაცემებით, 2020 წლისთვის სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებული ქვეყნებიდან შენგენის ზონაში 39 მილიონ ადამიანს ელოდებიან. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ახალი სისტემის ყოველწლოური ღირებულება 85 მილიონი ევრო იქნება და შესაძლოა, 2020 წელს შევიდეს ძალაში.