ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა
ევროპულმა საბჭომ, რუსეთის მიერ ყირიმის და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიისა და უკრაინის განზრახ დესტაბილიზაციის საპასუხოდ დაწესებული სანქციები 2022 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.
სანქციები ევროკავშირის პირველადი და მეორადი კაპიტალის ბაზრებზე ზღუდავს რუსული ბანკებისა და კომპანიების შესვლას და კრძალავს რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების მიმართ გარკვეული ფინანსური დახმარების გაწევას. ასევე, სანქციები კრძალავს თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული მასალების პირდაპირ ან არაპირდაპირ იმპორტს და ექსპორტს და ზღუდავს რუსეთში სამხედრო გამოყენებისთვის, ორმაგი დანიშნულების საქონლის შეტანას.
ეკონომიკური სანქციების გარდა, ევროკავშირმა მიიღო სხვადასხვა სახის ზომები, რომელიც მოიცავს დიპლომატიურ ზომებს, ინდივიდუალურ ზომებს (აქტივების გაყინვა და მოგზაურობის შეზღუდვები) და ყირიმთან და სევასტოპოლთან ეკონომიკური ურთიერთობების სპეციფიკურ შეზღუდვებს.
სანქციები ევროპულმა საბჭომ რუსეთს 2014 და 2015 წელს დაუწესა და მათი გახანგრძლივება მინსკის შეთანხმების შესრულებაზე იქნებოდა დამოკიდებული.