ევროპულმა პარლამენტმა ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საგანგებო ზომების პაკეტი დაამტკიცა
ევროპულმა პარლამენტმა ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საგანგებო ზომების პაკეტი დაამტკიცა

ევროპულმა პარლამენტმა, ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, ევროკომისიის მიერ წარდგენილი საგანგებო ზომების პაკეტი დაამტკიცა.

პლენარული სესია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. საგანგებო ზომების პაკეტი მოქალაქეების მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ფინანსური სახსრების მობილიზებას ითვალისწინებს. კერძოდ, აღნიშნული ზომების მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს 37 მილიარდი ევროს მობილიზება ევროპული ფონდებიდან, რომელიც იმ მოქალაქეებს, რეგიონებსა და ქვეყნებს მოხმარდება, სადაც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიისგან.

დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სოლიდარობის ფონდის გაფართოებას, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციებისთვის ხარჯების დასაფარად. აღნიშნული ზომები მიმდინარე წელს, 800 მილიონი ევროს გამოყოფის შესაძლებლობას იძლევა.

ახლა პარლამენტის მიერ მიღებული ინიციატივები, ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და ძალაში შევა.